понедельник, 14 мая 2012 г.

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:,, ვირტუალური რემონტი”
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლის მიერ სივრცულ ფიგურებზე შეძენილი თეორიული ცოდნის გამოყენება საყოფაცხოვრებო ხასიათის პრობლემის გადაწყვეტისას.
3. პროექტის აქტუალობა:  თეორია აღარ იქნება მოწყვეტილი პრაქტიკისაგან. მოსწავლეები თავად შეძლებენ საჭირო მასალის რაოდენობისა და ხარჯების დაანგარიშებას.
4. პროექტის მიზნები: სივრცულ ფიგურებზე მიღებული ცოდნის განმტკიცება,
მათ. VI. 9. აღადგენს ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებებს.   სხვადასხვა გაზომვების და დაანგარიშებების ჩატარება და მათი გამოყენება პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას.  ხარჯთაღრიცხვის წარმოება ექსელის ცხრილების გამოყენებით.(მათემატიკური ამოცანები გადაწყვეტისას ისტ–ის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოყენება.)
5. მონაწილეთა ასაკი: 11–12 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ ოთახის რემონტისათვის საჭირო მასალების რაოდენობების დაანგარიშებას, მასალებისა და მუშებისათვის საჭირო თანხის გამოთვლას. ინტერიერის დიზაინზე მუშაობას (საღებავების ფერების შერჩევას, ოთახის გაფორმებას და ა.შ.) მასშტაბის გამოყენებას მაკეტებისა და კარკასების დამზადებისას, შლილების საშუალებით ფიგურის აგებას.
8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: საზომი საშუალებები, მაკრატელი, წებო, ქაღალდი მაკეტების დასამზადებლად. მავთული, წვრილი ფიცრები, ლურსმნები კარკასების დასამზადებლად. კომპიუტერი, ინტერნეტი (საჭირო მასალებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად). VI კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო (გოგიშვილი, ვეფხვაძე, მებონია, ქურჩიშვილი.)
9. პროექტის მსვლელობა: აქტივობა I. მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის თემას და ვყოფ მათ ოთხ ჯგუფად, ვთხოვ სკოლაში თავად შეარჩიონ ის საკლასო ოთახები რომელთა ვირტუალური რემონტისთვისაც  უნდა იზრუნონ.(თითო ოთახი თითო ჯგუფმა). ვაცნობ მათ რა მოეთხოვებათ და ვთხოვ თავად გაინაწილონ სამუშაო და აირჩიონ ლიდერი.    
თითოეული ოთახის რემონტისათვის საჭიროა: იატაკისათვის შეირჩეს პარკეტი, მისი რაოდენობა იატაკის ფართობის მიხედვით, კედლებისათვის საღებავი. დაამზადონ ოთახის კარკასი 1:10 მასშტაბით და ამავე ოთახის მაკეტი.
აქტივობა II. ჯგუფებმა შეარჩიეს თითო ოთახი და გაანაწილეს წევრებს შორის ფუნქციები.
კარკასებსა და მაკეტებს დაამზადებენ შრომითი სწავლებისა და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე. ისტ-ის მასწავლებლის კონსულტაციით შეადგენენ ხარჯთაღრიცხვას ექსელის ცხრილებში.
აქტივობა III. დადგენილი დროის შემდეგ მოხდება პროექტის პრეზენტაცია (დრო 40 წთ.)
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს. დეტალურად აგვიხსნიან როგორ შეასრულეს მიცემული დავალება. წარმოადგენენ მაკეტსა და კარკასს, ხარჯთაღრიცხვის ცხრილს.
სასურველია საკლასო ოთახში სპეციალურად გამოყოფილ ზონაში მუშა ჯგუფები აჩვენებდნენ კარკასის დამზადების პროცესს.
აქტივობა IV. შეფასება.(დრო 5 წთ.)  ჯგუფები შეფასდებიან წინასწარ, მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. შეფასების ფორმა-განმსაზღვრელი და განმავითარებელი,  სასურველია თვითშეფასების გამოყენებაც.
 10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები იყენებენ მათემატიკის, ისტ-ის, შრომითი სწავლებისა და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილებზე შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ბარათაშვილი ნინო- მათემატიკის მასწავლებელი.
12. მასწავლებლის ელ. ფოსტა: baratashvilinino@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: baratashvilinino.blogspot.com